воскресенье, 3 января 2021 г.

საბაზრო ეკონომიკა და მენეჯმენტი

 საბაზრო ეკონომიკა და მენეჯმენტი

პარაგრაფი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე,    ბ.მღებრიშვილი,    ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის  საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისi  2008 

ინგლისურმა სიტყვამ «მენეჯმენტი» («management» ქართულად «მართვა» ბიზნესის ფეროში) შეიძინა ინტერნაციონალური მნიშვნელობა. იგი გულისხმობს ადამიანთა ხელმძღვანელობას სხვადასხვა ორგანიზაციაში (ფაბრიკა-ქარხანა,  სასტუმრო, უნივერმაღი, რესტორანი, კომერციული ბანკი, სადაზღვევო კომპანია, ტურისტული სააგენტო და სხვ.). მარტივად _ მენეჯმენტი ნიშნავს დასახული მიზნების  მიღწევის  უნარს სხვა ადამიანების შრომის, ინტელექტის, ქცევის მოტივების გამოყენების საფუძველზე. მენეჯმენტი,  აგრეთვე,  სპეციალური  ცოდნის  დარგია,  რომელიც  ეხმარება მუშაკებს, განახორციელონ მართვა, ე.ი. მართვის მეცნიერებაა.

მენეჯმენტის, როგორც მართვის მეცნიერების წარმოშობა დაიწყო XIX  საუკუნის ბოლოს აშშ-ში. ეს განაპირობა იმ  ობიექტურმა  პროცესებმა,  რომლებსაც  ადგილი  ჰქონდა ამ ქვეყნის ეკონომიკაში. წარმოების, კაპიტალის კონცენტრაციამ  და კონკურენციის გამწვავებამ, რაც დამახასიათებელია საბაზრო ეკონომიკისათვის, დღის წესრიგში  დააყენა  საკითხი  მეურნეობის  გაძღოლის  ახალი  კონცეფციის  _   მენეჯმენტის დამუშავებისა და  საჭირო  პერსონალის  (მენეჯერების)  მომზადების შესახებ.

არსებობს განსხვავებული შეხედულებები მენეჯმენტისა და საბაზრო ეკონომიკის ურთიერთკავშირის თაობაზე. მეცნიერთა ერთი ნაწილი თვლის, რომ  საბაზრო ეკონომიკამ შეასრულა  გადამწყვეტი  როლი  მენეჯმენტის  წარმოშობაში,  ე.ი.  მენეჯმენტი საბაზრო  ეკონომიკის  შედეგია.  მეორე  ნაწილი  კი  თვლის,  რომ  ამერიკული ეკონომიკა იქმნებოდა მენეჯმენტის ამერიკული ტიპის შესაბამისად. ანალოგიურად მსჯელობენ იაპონური ეკონომიკის მიმართაც. ყველაზე მართებულად მიჩნეულია მსჯელობა, რომლის მიხედვითაც  ორივე  შეხედულებაში  არის რაციონალური მარცვალი და საბაზრო ეკონომიკა და მენეჯმენტი გამოხატავენ დიალექტიკურ მთლიანობას, როდესაც მიზეზი გადადის შედეგში და, პირიქით.

ამრიგად, ტერმინი «მენეჯმენტი» ამერიკული  წარმოშობისაა  და  სიტყვა-სიტყვით სხვა ენაზე არ ითარგმნება. ინგლისურენოვან ქვეყნებში მას იყენებენ ყოველთვის სამეურნეო     საქმიანობის     (ბიზნესის)    მართვასთან     დაკავშირებით.    თავისი  არსით

«მენეჯმენტი» ტერმინის  «მართვის»  ანალოგია,  მაგრამ  მათი  სინონიმებად გამოცხადება    მოკლებულია    ჯეროვან    საფუძველს.    საქმე    ის    არის,    რომ ტერმინი

«მართვა» გაცილებით ფართოა, ვიდრე «მენეჯმენტი», რამდენადაც მართვას ადგილი  აქვს როგორც საზოგადოებაში, ასევე ბუნებაში, კერძოდ, იგი უშუალო კავშირშია ადამიანთა საქმიანობის სხვადასხვა სახეებთან (ავტომობილის მართვა, სახელმწიფოს მართვა და ა.შ.).

ტერმინს «მენეჯმენტი», როგორც წესი, ხმარობენ სოციალურ-ეკონომიკური პროცესების მართვასთან მიმართებაში საწარმოს (ფირმის) დონეზე, რომელიც ფუნქციონირებს საბაზრო ურთიერთობათა პირობებში. ე.ი. ტერმინი «მენეჯმენტი» მიესადაგება ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციებს (საწრმოებს, ფირმებს), მაგრამ

როდესაც საქმე შეეხება სახელმწიფო ორგანოებს (ორგანიზაციებს), ნებისმიერ დონეზე გამოიყენება ტერმინი «სახელმწიფო მართვა».

მაშასადამე, მენეჯმენტი პროფესიული სამიანობის დამოუკიდებელი სახეობაა, რომელიც მიმართულია საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოქმედი ორგანიზაციის (ფირმის) ნებისმიერი სამეურნეო საქმიანობის მიზნების მისაღწევად მატერიალური, შრომითი და ფულადი რესურსების რაციონალურად გამოყენების გზით.

ფირმის  სამეურნეო საქმიანობის ცნებაში    იგულისხმება:

–  საქმიანობა  ეკონომიკისა და  ბიზნესის    ნებისმიერ დარგში: მრეწველობა, ვაჭრობამშენებლობატრანსპორტი, ტურიზმი, საბანკო საქმე და სხვა;

– ფირმის ნებისმიერი საქმიანობა: წარმოება, გასაღება, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, ფინანსები და სხვა. თუ იგი წარიმართება მოგების როგორც ფირმის საქმიანობის კონკრეტული მიზნების შესაბამისი საბოლოო შედეგის მისაღებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება გაკეთდეს შემდეგი დასკვნა: მენეჯმენტი აუცილებელია ფირმების (საწარმოების) იმ კატეგორიებისათვის, რომლებიც ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას მოგების მიღების მიზნით, მიუხედავად ამ საქმიანობის ხასიათისა. მენეჯმენტის სფეროში მოქცეულია მრეწველობის, ვაჭრობის, ტურისტული სამსახურების, ბანკებისა და სხვა სამეურნეო ერთეულების საქმიანობა, რომლებიც გამოდიან ბაზარზე როგორც დამოუკიდებელი ეკონომიკური სუბიექტები. ნებისმიერი სამეურნეო საქმიანობა მოითხოვს დასახული ამოცანების გადასაწყვეტად ახალ შესაძლებლობათა ძიებას, მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებას,  ეფექტიანობის ამაღლებას _ მაქსიმალური შესაძლო შედეგის მიღებას მინიმალური დანახარჯების გაწევისას.

ადმინისტრაციულ-მბრძანებლური  სისტემიდან  საბაზრო  ურთიერთობებზე გადასვლა გულისხმობს ეკონომიკის სფეროში მართვის პროცესის განხორციელებას დემოკრატიულ პრინციპებზე, როდესაც ცალკეული ადამიანი სამეურნეო საქმიანობის უბრალო ელემენტიდან გადაიქცევა მის დამოუკიდებელ სუბიექტად. პიროვნების თავისუფლება შეუძლებელია ეკონომიკური თავისუფლების გარეშე. მაგრამ საბაზრო ურთიერთობების აუცილებელი კომპონენტია კონკურენცია. საბაზრო ეკონომიკის პირობებში პიროვნებისათვის, საწარმოსათვის (ფირმისათვის) იქმნება, ერთი მხრივ, სამეურნეო საქმიანობის ფართო შესაძლებლობები, ხოლო მეორე მხრივ _ სიძნელეები გაკოტრებამდეც  კი.  ასეთ  სიტუაციაში  საჭიროა  ჯეროვანი  ცოდნა,  მისი შემოქმედებითი გამოყენება პრაქტიკაში. ამ ცოდნის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც დაადასტურა მსოფლიო გამოცდილებამ, არის მენეჯმენტის მიღწევები.

ნებისმიერ ფირმის წარმატება საბაზრო ურთიერთობათა პირობებში მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მენეჯერთა კორპუსზე. ინგლისური სიტყვა

«მენეჯერი»  («manager»  _  ქართულად  «მმართველი»)  ამერიკული  გაგებით ასოცირდება ადამიანთან, მართვის სუბიექტთან,  რომელსაც  ხელმძღვანელი თანამდებობა უკავია  ორგანიზაციაში.  ამასთან,  როდესაც  ამბობენ  «მენეჯერს»,  როგორც წესი, მხედველობაში ყავთ პროფესიონალი მმართველი, რომელსაც გათვითცნობიერებული  აქვს,  რომ  იგი  განსაკუთრებული  პროფესიის წარმომადგენელია და არა ეკონომისტი, ინჟინერი ან  აგრონომი  დირექტორის  სავარძელში მოკალათებული. მენეჯერი  არის  ხელმძღვანელი  მუშაკი,  რომელმაც  გაიარა, როგორც წესი, სპეციალური მომზადება.

აღნიშნულიდან      გამომდინარე      არ      შეიძლება      ჩვენებური      გაგების       ცნების

«დირექტორი» («ხელმძღვანელი») გაიგივება «მენეჯერთან». საქმე ის არის, რომ დირექტორები საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობდნენ საწარმოებს (გაერთიანებებს)

ქვეყნის ეკონომიკის ცენტრალიზებული მართვის პირობებში, როდესაც ცალკეულ საწარმოებს «ზემოდან» (სახელმწიფო ორგანოებიდან) უნიშნავდნენ დირექტორს და უგეგმავდნენ  საქმიანობის  ძირითად  მაჩვენებლებს,  გამოუყოფდნენ  რესურსებს  და სხვა. დირექტორის  ფუნქციების  შესრულებისთვის  საკმარისი  იყო,  რომ  იგი  ყოფილიყო კარგი შემსრულებელი.

საბაზრო ეკონომიკის დროს სამეურნეო  საქმიანობის  ფუნქციებისაგან  თავისუფლდება  სახელმწიფო  და  მისი  ორგანოები,  მართვის  მთელი  ციკლი სრულდება საწარმოებში (ფირმებში) მენეჯერების  მიერ.  სახელმწიფო  მართვის  ნაცვლად, ასრულებს ეკონომიკის რეგულირების ფუნქციებს. ამიტომ სავსებით კანონზომიერია მსჯელობა საბაზრო ეკონომიკის რეგულირების  და  არა  მართვის  შესახებ. [12, გვ…]. მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ მან შეასრულოს მენეჯერის როლი, როგორც ეს მიაჩნია ზოგიერთ ავტორს.

მართვას და რეგულირებას შორის არსებითი განსხვავებაა. მართვის ძირითადი და აუცილებელი კომპონენტია დაგეგმვა (რაც არ იგეგმება, იგი არც იმართება). მართვის დროს გადაწყვეტილებები მიიღება კონკრეტული ობიექტის (საწარმოს) მიმართ. რეგულირება გულისხმობს საერთოდ საწარმოების (ფირმების) ეკონომიკური ქცევის წესების განსაზღვრას კანონების (ნორმატიული აქტების) საფუძველზე და არა მათ სამეურნეო საქმიანობაში ჩარევას (დაგეგმვას). ამასთან, რეგულირებას, როგორც წესი, ახასიათებს დიდი ხანგრძლოვობის ზემოქმედების  (დროის  მიხედვით)  პერიოდი,  ვიდრე მართვას. ამრიგად, საბაზრო  ურთიერთობათა  სისტემაში  საწარმოების  (ფირმების) მართვა ხორციელდება უშუალოდ მათი ხელმძღვანელობის (მენეჯერების) მხრივ  ქვეყანის  კანონმდებლობისა  და  ნორმატიული  აქტების  შესაბამისად.  მენეჯერები  დამოუკიდებლად  წარმართავენ  საწარმოს  მართვის  პროცესს  და  მთლიანად  აგებენ  პასუხს  მიღებული  გადაწყვეტილებებისა   და   სამეურნეო საქმიანობის შედეგებისათვის.

მენეჯმენტი როგორც პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებელი სახეობა გულისხმობს, რომ მენეჯერი დამოუკიდებელია ფირმის საკუთრებისაგან, სადაც იგი მუშაობს. იგი მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობს  კონტრაქტის  (დაქირავების)  წესით  და შეიძლება  ფლობდეს  ან  არც  ფლობდეს  ამ  ფირმის  აქციებს.  მენეჯმენტი  აერთიანებს სხვადასხვა სპეციალობის  მუშაკებს:  ინჟინრებს,  ეკონომისტებს,  მარკეტრებს, ბუღალტრებს, ფსიქოლოგებს და სხვებს, რომლებიც მუშაობენ მენეჯერის ხელმძღვანელობით. პროფესიული მენეჯმენტი  როგორც  საქმიანობის  სპეციფიკური  სახე გულისხმობს ამ საქმიანობის სუბიექტად სპეციალისტ-მენეჯერს და ობიექტად მთლიანად ფირმის სამეურნეო საქმიანობას,  აგრეთვე,  მისი  ქვედანაყოფების  საქმიანობას, ე.ი. მართვის ყველა დონეს (უმაღლეს, საშუალო, ძირეულ რგოლებს).

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

 ჩვენი სერვისები:
ტელეფონი577 235 400, სკაიპიmedgeo.net, ელფოსტაCaumednet@gmail.com.                                   შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება;
  • ინფორმაციების უწყვეტი მოძიება მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ;
  • საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე;
  • საგრანტო, ლიზინგის, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება, მათ შორის - ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება;
  • მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში;
  • ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება;
  • საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება;
  • დიდ მოქმედ საწარმოებსა და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში;
  • სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

     ბმები:

     www:

     Blogspot:

      Google:

Комментариев нет:

Отправить комментарий